თბილისი (GBC) - ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა არტიომს ურშულსკისმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა". მანვე დასძინა, რომ ლატვია ღრმად წუხს იმის გამო, რაც საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება.

არტიომს ურშულსკის თქმით, საჭიროა მეტი ერთობა და ძალა ევროპელ პარტნიორებს შორის იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ.

„არსებობს პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არსებობენ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ან აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რადგან მხოლოდ ერთობლივი და ძლიერი ერთობლივი პოზიციაა ეფექტური.

გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სხვებთან, გვყავს თანამოაზრე ქვეყნების ჯგუფი, რომელიც საკმარისად დიდია და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი პარტნიორი ისაუბრებს ხმამაღლა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ გვჭირდება მეტი ძალა, თუ გვსურს გვქონდეს პროგრესი დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა.

2024 წლის 20 დეკემბერს, ლატვიამ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.