თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კობახიძეს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა.

ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

ამასთან, გაიმართება საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა.

კობახიძე აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში "ოცნების" მიერ დანიშნული პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, "ოცნების" მთავრობის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული მაკა ბოჭორიშვილი, ასევე "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მანამდე, 15 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს. ვიზიტი მასპინძელმა მხარემ გადადო.

კობახიძის ადმინისტრაციაში ვიზიტის გაუქმებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ვიზიტი თვის ბოლოსაა და მისი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ამასთან, საქართველო 2025 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს – არ მიიწვიეს.  

„კობახიძეს ამ დროისთვის მოსაწვევი არც ერთი ღონისძიებიდან არ მიუღია”, - აცხადებს „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.