თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ოცნების" პრეს სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ამასთან აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა.

"მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. კობახიძემ ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას", - ვკითხულობთ "ოცნების" პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თურქმენეთის პრეზიდენტმა კობახიძეს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტში უმასპინძლა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კობახიძემ ვიზიტები გამართა: აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ყაზახეთში და უზბეკეთში.