თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X"-ში  კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მას წარმატებას უსურვებს და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მზაობას გამოთქვამს.

„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის", - წერს პრემიერი.

ბრიტანელი ლეიბორისტებისთვის ოპოზიციაში ყოფნის 14-წლიანი პერიოდი 4 ივლისს დასრულდა. ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც BBC აქვეყნებს.