თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამბიციური ამოცანა დაისახა, რაც გულისხმობს „დამატებით 4 წლის განმავლობაში 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას“, რაც მისივე თქმით, "ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური".

კობახიძემ ისიც აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. მისივე თქმით, ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.

„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ასახული იყო ამბიციური მიზანი ამ კუთხით. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევუნარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი", - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძე ირწმუნება, რომ იმ შედეგის მისაღწევად, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაისახა, პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება გამოყენებული.

„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი - 64 მერი, 64 საკრებულო", – თქვა მან. 

დასასრულს კობახიძემ დასძინა, რომ ეს არის "ოცნების" "უპირობო ამოცანა". ამიტომ ის დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.