თბილისი (GBC) – დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა. ამის შესახებ „ფორმულა ნიუსი“ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ვასაძეს დაუწესდათ როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო შეზღუდვები.
კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, მათ გაეყინებათ აქტივები, დაუწესდებათ დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, აეკრძალებათ მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში და დაუწესდებათ სანქციები ტრასტის სერვისებისთვის.
ლევან ვასაძის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია მისი ჩართულობა ან მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკაში ან ქმედების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაში, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანქცირების მიზეზად მითითებულია მონაწილეობა [ამჟამად ან წარსულში] რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მისგან მხარდაჭერის მიღებაში "მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის" დირექტორად მუშაობით, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.