თბილისი (GBC) - მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პარასკევს სოციალურ ქსელში დაწერა.

ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".

“გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს”, - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე 23 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.

იგივე განაჩენი დადგა მისი თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც. ორივე მათგანი იმავე დღეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში დააკავეს.

12 აგვისტოს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის 8-თვიანი პატიმრობის მისჯის შესახებ.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში კიდევ ექვსი პოლიტიკოსი რჩება. ესენი არიან:

  • ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
  • ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
  • გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“)
  • ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
  • გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი)

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები.

ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ „ლელო – ძლიერი საქართველო” და „გახარია – საქართველოსთვის”. მათ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.

8 ოპოზიციური პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.