თბილისი (GBC) – ENPARD IV პროგრამის ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დაიწყო საგრანტო განაცხადების მიღება საქართველოში თხილის სექტორის სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით. მხარდაჭერის პაკეტის სამიზნე რეგიონებია სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, კახეთი, აჭარა და იმერეთი.
მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ თანადაფინანსების მიღება თანამედროვე საშრობი და ტენიანობის საზომი ტექნიკის შესაძენად, რაც შეამცირებს აფლატოქსინით დაბინძურების რისკს, გააუმჯობესებს თხილის ხარისხს და გაზრდის სექტორის კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზრებზე.
ინიციატივის ფარგლებში, FAO დაფარავს ტექნიკის ღირებულების 70 პროცენტს. ფინანსური მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ თხილის მეწარმეებს, რომლებიც:
- ფლობენ 0.5–30 ჰექტარ თხილის ბაღს სამიზნე რეგიონში;
- დაესწრნენ FAO-ს თხილის ტრენინგებს;
- ფლობენ ინდივიდუალური მეწარმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ან კოოპერატივის სტატუსს.
თანამონაწილეობრივი გრანტით ფერმერები შეძლებენ შეიძინონ კონკრეტული მომწოდებლებისგან წინასწარ შერჩეული ტექნიკა:
- ვერტიკალური თხილის საშრობი
- ლენტური კონვეიერი
- თხილის ტენიანობის ანალიზატორი
„საქართველოს თხილის სექტორისთვის შვედეთის მიერ მხარდაჭერილი თანადაფინანსების საგრანტო შესაძლებლობა ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის შედეგია ENPARD IV პროგრამის ფარგლებში. წელს, FAO-მ თხილის ასეულობით მწარმოებელს გაუზიარა ცოდნა ქვეყნის მასშტაბით და ითანამშრომლა თხილის სექტორში მოქმედ კომპანიებთან. FAO-ს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი კი ფერმერებს აძლევს უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას, გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები უკვე ფერმერულ დონეზე და განსაკუთრებით მოსავლის შემდგომი პროცესების საწყის ეტაპზე,“ – აღნიშნა გუიდო აგოსტინუჩიმ, FAO-ს პროგრამის მენეჯერმა.
„შვედეთი სიამაყით განაგრძობს ქართველი ფერმერების მხარდაჭერას უვნებელი, კონკურენტუნარიანი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებაში. თხილი საქართველოსთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებში ინვესტირებით, ფერმერებს ვეხმარებით ბაზარზე წვდომის, კონკურენტუნარიანობისა და მათი საარსებო წყაროს გაუმჯობესებაში,“ – აღნიშნავს ელისაბედ ბრანდბერგი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი/მისიის უფროსის მოადგილე.