თბილისი (GBC) -„სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების და მედიების მიერ Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯები მოიკვლია. „დეკლარირებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ” 2020-2025 წლებში Meta-ს პლატფორმებზე რეკლამაში $1 345 058 დახარჯა, ხოლო ანონიმურ FB გვერდებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო და/ან „ოცნების” მხარდამჭერ რეკლამაში დაიხარჯა $200 490″.

ISFED-ის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა Meta-ს პლატფორმებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში განთავსებულ 33 875 რეკლამაში არანაკლებ 2.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რომელთაგან „ქართული ოცნების“ დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა აღემატებოდა სხვა 32 პარტიის მიერ ჯამურად გამოქვეყნებული დეკლარირებული რეკლამების რიცხვს, ხოლო რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობა ყველა პოლიტიკური გაერთიანების დეკლარირებული სარეკლამო დანახარჯების თითქმის ნახევარს გაუტოლდა”.

ISFED-ის მოკვლევით, „ქართულმა ოცნებამ” ბოლო 5 წელში Meta-ს პლატფორმებზე რეკლამებისთვის $1 345 058 დახარჯა. მეორე ადგილზეა „ლელო” დახარჯული $422 827-ით, მესამეზე „ენმ”, რომელმაც Meta-ს პლატფორმებზე რეკლამაში $342 827 დახარჯა.

მოკვლევის მიხედვით, მედიებს შორის Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები, ძირითადად პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა გასწიეს, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც „ფეისბუქსა” და „ინსტაგრამზე” 566 134 აშშ დოლარის ღირებულების 24 347 რეკლამა გამოაქვეყნეს.