თბილისი (GBC) - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონებში მოსახლეობა სრულად უჭერს მხარს მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებს და ოპოზიციას მოუწოდა, თავად ჩავიდნენ ადგილებზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ამ ცვლილებების წინააღმდეგი არავინ არის. მინისტრის თქმით, კვირა არ გადის ისე, რომ ის პირადად ასეულობით მშობელს არ შეხვდეს, საზოგადოება კი რეფორმით გათვალისწინებული პროექტების რეალიზებას ელოდება.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე მიქანაძემ ოპონენტები საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის რეალური ინტერესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარება არ არის.

„კვირა არ გავა, რომ მე პირადად რომელიმე რეგიონს არ ვესტუმრო და 300-დან 400 მშობელს არ შევხვდე თითოეულ შეხვედრაზე, სადაც გვაქვს საუბარი ამ რეფორმებზე. ჩაბრძანდით ერთი რეგიონებში, მოიკითხეთ ხალხთან და ნახავთ - ერთ ადამიანს თუ ნახავთ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ რეფორმას. ხალხი არის მოწყურებული იმ საკითხებს, რომლებიც ამ რეფორმების ფარგლებში არის გაჟღერებული, მაგრამ თქვენი ინტერესი ეს არ არის“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გამოსვლისას მიქანაძემ მკაცრად გააკრიტიკა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული 44 შეკითხვა. მისი შეფასებით, წარმოდგენილი კითხვების 20% საერთოდ სცდება უწყების კომპეტენციას, რაც ოპოზიციის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოპონენტებს არცერთი კითხვა არ დაუსვამთ ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებაზე, როგორიც პროფესიული განათლებაა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე ინტერპელაციის ფარგლებში, დეპუტატების კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მინისტრისგან კერძოდ იმის განმარტებას ელოდება, თუ უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე არსებული რომელი კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება რეფორმის პირველ და მომდევნო ეტაპებზე.