თბილისი (GBC) – რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატაში ორშაბათს, 19 ივნისს რუსეთ–საქართველოს საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ სავაჭრო–სამრეწველო პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პალატის პრეს–რელიზის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ლოგისტიკის, დაზღვევისა და ტვირთების ტრანზიტის საკითხები განიხილეს.
სხდომის გახსნისას პალატის ვიცე–პრეზიდენტმა ვლადიპირ მადალკომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის რეაბილიტაციაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, საქართველო–რუსეთს შორის კომუნიკაციას შეამსუბუქებს. არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო მოძრაობის ორგანიზებისთვის, თქვა მადალკომ.
რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინფორმაციის თანახმად, განიხილეს რუსეთის გადაზიდვებში ქართული სატვირთოებისა და მძღოლების დაშვების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციების საკითხიც განიხილეს, ასევე ისაუბრეს ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის საკითხებზეც. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სერგეი კატირინი მაისში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა.
რუსულ–ქართული საქმიანი საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ხელმძღვანელად რუსეთის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის მდგრადი განვითარების ეროვნული ფონდის პრეზიდენტი იური ბალაშოვი აირჩიეს. მარტში იგი საქართველოში იმყოფებოდა, საქმიანი შეხვედრები გამართა კახეთში მეღვინეებთან.
რუსულ–ქართულ საქმიანი საბჭოს სხდომაში საქართველოს მხრიდან ვინ იღებდა მონაწილეობას, ამის შესახებ პალატის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში არაფერია ნათქვამი.