თბილისი (GBC) – ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, 25 ნოემბერს, საქართველოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მდგომარეობასა და 71 წლის საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის საქმეზე დებატები გაიმართა. დისკუსიაში მონაწილე 15 ევროპარლამენტარიდან 14-მა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება მოითხოვა. საქართველოს მთავრობის პოზიცია სესიაზე მხოლოდ ფრანგმა დეპუტატმა, ტიერი მარიანიმ დაიცვა. შესაბამისი რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტი კენჭს დღეს, 26 ნოემბერს უყრის.
დებატებზე ევროკომისიის პოზიცია ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა ჰენა ვირკუნენმა წარადგინა. მისი განცხადებით, ევროსტრუქტურები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სასამართლო დევნებსა და დაკავებებს, ხოლო 2024 წლიდან ქვეყანამ დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა.
„2026 წლის გაფართოების ანგარიშმა აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე მზარდი ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის უფრო მეტად შევიწროება, ისევე, როგორც ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია“, - განაცხადა ვირკუნენმა.
ევროკომისრის თქმით, ბრიუსელი თვალს ადევნებს პაატა ბურჭულაძის სააპელაციო პროცესს და მოუწოდებს თბილისს, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო და პატიმრობის სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებების შესაბამისად. მან შეახსენა დეპუტატებს, რომ დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები ხელისუფლებასთან, შეაჩერა მთავრობისთვის პირდაპირი სარგებლის მომტანი დახმარება, ხოლო 2026 წლის მარტში დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა გააუქმა.
„თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, მის გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება. გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, რომ შეაბრუნონ ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის გვერდში დგას და ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუ საქართველო კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან ხელახლა თანხვედრას გადაწყვეტს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ლიეტუველმა პოლიტიკოსმა რასა იუკნევიჩიენემ დებატებზე ყურადღება გაამახვილა ციხეებში არსებულ მძიმე პირობებსა და პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი პატიმრობის მისჯაზე. მისი თქმით, ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა, რომელიც 71 წლის ასაკში ქართველ ხალხთან დგომისთვის ციხეში იმყოფება.
იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ გასულ კვირას შეხვდა ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, ხოლო სესიის დღეს ნინი მანჯგალაძეს, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. დეპუტატის თქმით, მანჯგალაძის მამა 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება და ციხიდან ევროპარლამენტს მადლობა და გზავნილი, „ევროპა საქართველოს სახლია“ გამოუგზავნა. იუკნევიჩიენემ ხაზი გაუსვა ახალგაზრდა პატიმრების მდგომარეობასაც, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა მათ სწავლასა და დასაქმებას შეუშალოს ხელი.
„ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმაც. მან აღნიშნა, რომ ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს კი ხელისუფლება მის ჩახშობას „შეთითხნილი ბრალდებებით“ ცდილობს. კრემერის შეფასებით, მმართველი რეჟიმი ცდილობს საქართველო ევროპული დემოკრატიიდან „კრემლის ჩრდილის ქვეშ მყოფ ბელარუსული სტილის რეჟიმად აქციოს“, მაშინ როცა მოსახლეობის 80%-ს კვლავ ევროპული მომავალი სურს და მოქალაქეები, ცემის, თავდასხმისა და პატიმრობის რისკის მიუხედავად, პაატა ბურჭულაძისა და მზია ამაღლობელის მსგავსად, პროტესტს აგრძელებენ.
„ამიტომ, კოლეგებო, არც ჩვენ ვთქვათ მათზე უარი. გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე იქამდე, ვიდრე პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა კრემერმა.
დეკლარაციების დასრულებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა კოლეგებს პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ. მისი თქმით, საქართველომ კურსი შეცვალა, რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და „უკანონო ფულის ნაკადების ადგილი“ ხდება, მის დემოკრატიას კი სისტემატურად ახრჩობენ. გოშევსკამ მიუთითა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ივლისში საქართველოში 91 პოლიტპატიმარი დაასახელა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხუთ წელზე მეტია პატიმრობაშია, და ეს სია სრული არ არის.
„მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ, აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ“, - განაცხადა გოშევსკამ.
ესპანელმა დეპუტატმა ნაჩო სანჩეს ამორმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა წარსულში „საჩუქრები გასცა“, რის შემდეგაც საქართველოში ნათელი ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა მიიღო. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი ქართველი ოლიგარქების წინააღმდეგ „სანქციების კალათის“ შექმნაა. „რომც ვერ მივაღწიოთ ერთსულოვნებას, უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე“, - განაცხადა სანჩეს ამორმა.
ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ხაზი გაუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეცაა და ქართველ ოლიგარქებს მისი ხმის იმიტომ ეშინიათ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა. ბრანდშტეტერმა ასევე აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან“, რისი მაგალითებიც უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში გამოჩნდა, და დეპუტატებს რეზოლუციის მიღებისა და ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდა.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ კი საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტებსა და თეირანთან დაახლოებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ და მათზე ე.წ. გამჭვირვალობის კანონი არ ვრცელდება. შჩერბამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროგრამების 97%-ს კარგავს, მაშინ როცა აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებული ირანის „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტის კამპუსები ქვეყანაში შეუფერხებლად მუშაობს.
„საქართველო მოსკოვისა და თეირანის მიმართულებით მიდის და ეს ქართველი ხალხისთვის კატასტროფა, რუსეთის გამარჯვება და ევროკავშირის გეოპოლიტიკური მარცხია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა შჩერბამ.
თბილისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის რეზოლუციებს რეგულარულად უწოდებს არასავალდებულო დოკუმენტებს და აცხადებს, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვს.
