თბილისი (GBC) - სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ (NAEC) ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქამდე ნინო წერეთელი ხელმძღვანელობდა. წერეთელი აღნიშნულ პოსტზე 2024 წლის 20 თებერვალს დაინიშნა.

2025 წლის ნოემბერში გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. განათლების სამინისტროში განმარტავდნენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდებოდა. თავად გათავისუფლებულები კი ამბობენ, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათი სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური შეხედულებები იყო.