თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს დილიდან იღებს შეტყობინებებს ისეთი ადამიანებისგან, როგორებიც არიან: NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მათ მიერ გაგზავნილ წერილებს ტრამპი Truth Social-ზე აქვეყნებს.
"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ ტრამპ, ის, რაც თქვენ სირიაში მიაღწიეთ, წარმოუდგენელია, დავოსში ჩემს მედია ჩართულობას გამოვიყენებ, რათა წარმოვაჩინო თქვენ მიერ გაწეული სამუშაო ღაზასა და უკრაინაში. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო წინსვლის გზა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას“, - სწერს ტრამპს რუტე.
მანამდე, ტრამპს მაკრონმა მისწერა „მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“.
ემანუელ მაკრონი პირად შეტყობინებაში აშშ-ის პრეზიდენტს ხუთშაბათს, პარიზში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
„შემიძლია შეხვედრის ფარგლებში უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები მოვიწვიო. მოდი, აშშ-ში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, პარიზში ვისადილოთ“, - სწერს მაკრონი.
ტრამპის ეს პოსტები მოჰყვა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, ხუთშაბათს საღამოს ბრიუსელში საგანგებო სამიტის გამართვის შესახებ. ეს ნაბიჯი განაპირობა აშშ-ის ლიდერის მუქარამ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე ახალი ტარიფების დაწესების შესახებ, რაც გრენლანდიის შესყიდვის მოთხოვნას უკავშირდება.
Truth Social-ზე აღნიშნული პოსტები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფის დაწესება დააანონსა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ზუსტად როდის მიიღო მაკრონის და რუტეს შეტყობინებები ტრამპმა.
ელისეს სასახლის ცნობით, მაკრონი სამშაბათს დილით დავოსის (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩავა, საღამოს კი პარიზში დაბრუნდება. მისი ვიზიტის ოთხშაბათამდე გაგრძელება არ იგეგმება.
დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება, თუ აშშ-ის შუამავლობით უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები კრახით დასრულდება.