თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო.
ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას, რომ სომხეთი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წევრის სტატუსით შეუერთდეს.
„პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დათანხმდა ამ შეთავაზებას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით სომხეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.
ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეა პირველად გასული წლის სექტემბერში, ღაზას სექტორში ომის დასრულების გეგმის წარდგენისას გააჟღერა. გასულ კვირას მსოფლიო ლიდერებისთვის გაგზავნილ მოწვევაში საუბარია კონფლიქტების გლობალურად დასრულების როლზე.
Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 60-მდე ქვეყნისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებისგან 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ შენატანს მოითხოვს, თუ მათ სურთ, რომ წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 60-მდე ქვეყნისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის შეწირვისკენ მოუწოდებს, თუ სურთ, რომ მათი წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.
ორშაბათს ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გაუგზავნა. „ის მოწვეულია“, - განაცხადა ტრამპმა.