თბილისი (GBC) - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე მყოფ მოშიმშილე სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს 25 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მაღალი საჯარო ინტერესის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით 3 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა: 1. შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლება, 2. მცხოვრებელთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი, 3. თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევა.
"სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატი აქციის მონაწილეთაგან შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანისთანავე დაიწყებს მათ მიმართ უფლებადარღვევის შემთხვევების, მათ შორის, სავარაუდო უკანონო გათავისუფლებისა თუ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების შესწავლას. აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს განცხადებისა და შესაბამისი საბუთების წარდგენას დაჰპირდნენ.
შუქრუთელები უკვე რამდენიმე თვეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან შეკრებამ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. სახალხო დამცველი პროტესტის გაჟღერების დღიდან ადევნებს თვალს მოვლენებს, ასევე, აპარატის წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჰქონდათ კომუნიკაცია ადვოკატთან და აქციის მონაწილეებსაც შეხვდნენ როგორც შუქრუთში, ასევე თბილისში.
შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს წლების განმავლობაში არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. ასევე, განცხადებით გამოეხმაურა იგი პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა შეკრებას, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული და ამ უფლების ჩამორთმევა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში, თუ კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის განცხადებაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავებს - არ მოხდეს მონაწილეთა შეკრების უფლების შეზღუდვა.
რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის საკითხს, სახალხო დამცველს არ გააჩნია უფლებამოსილება შეისწავლოს და შეაფასოს ფიზიკურ პირებსა და კერძო კომპანიას შორის დადებული შეთანხმება კომპანიის საქმიანობით გამოწვეული ზიანის, მისი მასშტაბის, კომპენსაციების ოდენობის ან გაცემის წესთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი სცდება სახალხო დამცველისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და სახალხო დამცველი მოკლებულია სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ეს საკითხი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, პროტესტის დაწყებისთანავე განუმარტეს აქციაში მონაწილე შუქრუთელებს.
მესამე საკითხი, რომლის შესწავლისა და რეაგირების საშუალებაც სახალხო დამცველს აქვს, ეხება თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევას. აქციაში მონაწილე სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ თუ ისინი მიიჩნევენ რომ (გარდა ფულადი კომპენსაციის საკითხებისა) მათ მიმართ ადგილი აქვს პროცესუალურ დარღვევებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, ან კომპანიის მხრიდან იკვეთება შესაძლო დისკრიმინაცია - აუცილებლად მომართონ სახალხო დამცველის აპარატს, რაც აპარატს შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს საქმისწარმოება და შეისწავლოს შესაძლო უფლებადარღვევის საკითხები. 24 სექტემბრის მდგომარეობით ასეთი მომართვა აპარატში არ ფიქსირდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის სოფელ შუქრუთში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესწავლის შედეგებს საპარლამენტო ანგარიშში ასახავს. ამასთან, ამ საკითხის შესწავლა არ უკავშირდება კონკრეტული პირების უფლებადარღვევის და პროტესტის თემატიკას", - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
აქციის მონაწილეთა თქმით, 300-კომლიან შუქრუთში რამდენიმე ათეული სახლი საცხოვრებლად უკვე უვარგისია.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს და დანარჩენს იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ საწარმოს მუშაობის განახლების შესაძლებლობა დაუბრუნდება. კომპანია ამტკიცებს, რომ შუქრუთი დღეს არა მათი მუშაობის შედეგად, არამედ საბჭოთა დროს წარმოქმნილი პრობლემების შედეგს იმკის.