თბილისი (GBC) - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ამბობს, რომ ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა. ამის შესახებ როთიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა”.

როგორც როთი ამბობს, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი, რადგან არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.

„გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი – შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დააახლოებით ეს ქვეყანა ევროკავშირთან.

ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.

არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი,“ – განაცხადა როთმა.
მიხაილ როთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია და მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის.

მისივე თქმით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი იყო, ახლა კი საქმეები სწორი მიმართულებით არ იცვლება.

„ძალიან გამიკვირდა, როცა ხელისუფლებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წავიკითხე. თითქოს, ყველაფერი რიგზეა. ევროკავშირს სურს და შეუძლია გახსნას თავისი კარი საქართველოსთვის. უბრალოდ წაიკითხეთ ტექსტი. ტექსტში ყველაფერი ნათელია. მესიჯი ნათელია.

გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის. ისევ და ისევ, ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა შეუთავსებელია წევრობასთან. ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რომ ვუთხრათ ხალხს, თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრება შეცვალეთ ქვეყანა, დააბრუნეთ ეს ქვეყანა გზაზე.

ამის გარეშე, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ინდივიდუალური სანქციებისკენ, მოვუწოდებთ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, შეწყდეს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები და თუ ფიქრობთ, რომ ეს გიჟი, მიხაელ როთი შორს არის ევროპული რეალობისგან, ვპირდებით მმართველი პარტიას, ეს მთავრობა, ვერასოდეს დაარწმუნებს ჩვენს წევრ ქვეყნებს, რომ დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს არ იმუშავებს“, – აღნიშნავს როთი.
მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „გაყალბებული იყო და არ ყოფილა არც სამართლიანი, არც თავისუფალი”.

ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თუ სურს ნდობის აღდგენა, არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს.