თბილისი (GBC) – საქართველომ და უზბეკეთმა ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს. შესაბამის ერთობლივ დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

უმაღლესი დონის დოკუმენტის გაფორმებას წინ უსწრებდა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, სადაც დეტალურად განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

პოლიტიკური დეკლარაციის გარდა, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის უწყებებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმების მთელი პაკეტი გაფორმდა.

კერძოდ, პარტნიორობის დოკუმენტები გაფორმდა შემდეგ სფეროებში:

  • ეკონომიკა და ფინანსები
  • საბაჟო საქმე და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
  • ჯანდაცვა, განათლება და კულტურა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები მყარ საფუძველს უქმნის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნების ეფექტიან გამოყენებას.