თბილისი (GBC) – „ვალდაის“ კლუბის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე სოჭში იმართებოდა, წელს მოსკოვის ოლქში გადაიტანეს. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზეა ნათქვამი. Financial Times-ის ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის მიერ დრონებით გახშირებული თავდასხმების ფონზე უსაფრთხოების შესაძლო რისკებს უკავშირდება. გამოცემას ამის შესახებ სიტუაციასთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ განუცხადა. ორმა მათგანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილის შეცვლას რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური მოითხოვდა.

„ვალდაის“ კლუბმა ყოველწლიური შეხვედრის შესახებ ორშაბათს გამოაცხადა. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წელს ღონისძიება მოსკოვის ოლქში გაიმართება.

FT-ის ცნობით, შეხვედრაზე მიწვეულმა პირებმა ადგილის შეცვლის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტყვეს, თუმცა თავდაპირველად მათ მოსაწვევები სოჭში ღონისძიების ჩასატარებლად მიიღეს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და „ვალდაის“ კლუბმა FT-ის შეკითხვებს ღონისძიების ადგილის შეცვლის მიზეზებთან დაკავშირებით არ უპასუხეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ადგილის ცვლილება მიუთითებს, რომ კრემლი სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული უკრაინული საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი დრონებისგან პუტინისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო.

პუტინი, ტრადიციულად, „ვალდაის“ ყოველწლიური შეხვედრის ბოლო დღეს გამოდის სიტყვით და კითხვა–პასუხის ხანგრძლივ სესიას მართავს.