თბილისი (GBC) – მსხვილმა რუსულმა სააეროპორტო ჰოლდინგებმა „რეგიონების აეროპორტები“, „აეროდინამიკა“ და „ნოვაპორტი“, ასევე მოსკოვურმა შერემეტევომ და ვნუკოვომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვედომოსტი კომპანიების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტების პრეს–ცენტრებში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს. გაზეთის რესპონდენტები განმარტავენ, რომ ჯერ არ არსებობს აფხაზეთში მგზავრთნაკადის საპროგნოზო მაჩვენებელი.

„გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები წავლენ არაღიარებულ რესპუბლიკაში ფრენებზე“, – აცხადებს ერთ–ერთი წყარო. მეორე წყაროს თქმით, აფხაზეთში აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის საჭირო მასალების მიტანა პრობლემურია, რადგან ადგილზე არაფერი იწარმოება.

მოსკოვმა და ოკუპირებულმა სოხუმმა ზაფხულში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმად საინვესტიციო პროექტს რუსეთის იურიდიული პირი განახორციელებს.

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტზე განაცხადების მიღება 15 სექტემბერს დაასრულა. შემსრულებელი კომპანია კი 1–ელ ნოემბრამდე უნდა შეირჩეს. შერჩეულ კომპანიასთან რუსეთის მთავრობა 49–წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გეგმის თანახმად, აეროპორტმა რეგულარული ფრენების განხორციელება არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა უნდა დაიწყოს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ორგანიზაციამ სოხუმის აეროპორტის კოდი 2006 წელს გაანულა და მის შესახებ ყველა ინფორმაცია ამოიღო თავისი დოკუმენტებიდან.