თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ (TI) აქვეყნებს ანგარიშს „ქართული ოცნებისა“ და ჩინეთის კავშირებზე. TI წერს, რომ "დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე „ოცნება“ ურთიერთობას აძლიერებს არადემოკრატიულ რეჟიმებთან, მათ შორის, ჩინეთთან".
TI ასახელებს 2024 წლის ოქტომბერში ირაკლი კობახიძის მიერ ჩინეთის შექებას, როგორც „სახელმწიფო მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითად“.
ანგარიშში იმის შესახებაც ვკითხულობთ, რომ "მას შემდეგ, რაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა დაჩქარდა".
„ორივე ქვეყანამ გააფართოვა პირდაპირი ფრენები, რამაც ჩინელი ტურისტების შესამჩნევი ზრდა და საქართველოში ჩინეთის ბიზნეს აქტივობის ზრდა გამოიწვია. საქართველო თანამშრომლობს ისეთ ჩინურ კომპანიებთან, რომლებსაც აშშ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს.
ქვეყანა ასევე აქტიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკები აქტიურად მუშაობენ კავშირების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის თანამშრომლობის კუთხით და შესაძლოა, ჩინეთის გადახდის სისტემები შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. სულ ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩინური ენის სასკოლო სასწავლო გეგმაში დანერგვის შესახებ განაცხადა“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
2013-2024 წლებში ჩინეთთან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები, კერძოდ:
- „ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლამდე იყო რეგისტრირებული. 2024 წელს რეკორდული რაოდენობის – 291 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა.
- 2003 – 2012 წლებთან შედარებით ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-ჯერ გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს 2014 წელს მიაღწია და მას შემდეგ შემცირდა.
- 2012 წლის შემდეგ ჩინეთთან წლიური სავაჭრო ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს ჩინეთი იყო საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენდა.
- 2024 წელს ჩინეთს და საქართველოს შორის ტურისტული ვიზები გაუქმდა, რის შედეგადაც ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები 83%-ით გაიზარდა და 89 ათასს მიაღწია. ასევე, შესამჩნევად გაიზარდა ჩინეთის ავიახაზების ფრენები საქართველოში.
- საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. ანაკლიის პორტის პროექტის გარდა, ჩინური მხარე ვაზიანში, სადაც ბოლო პერიოდამდე ნატოს სამხედრო სწავლებები ტარდებოდა, ახალი აეროპორტის განვითარებით დაინტერესდა. ჩინეთის ელჩის თქმით, პროექტისადმი ინტერესი არაერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოიჩინა“.
TI ხაზს უსვამს თანამშრომლობას იმ ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია.
მათი თქმით, საქართველოში მოქმედი რამდენიმე ჩინური კომპანია აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი დაკვირვების და შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის და ჩინურ სამხედრო სფეროსთან სავარაუდო კავშირების გამო:
China Communications Construction Company Limited (CCCC)
"სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ China Communications Construction Company Limited (CCCC), რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენებისთვის შეარჩია, 2021 წლის ივნისიდან აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეაფასა CCCC, როგორც „ჩინური სამხედრო კომპანია”, რომელიც მოქმედებს პირდაპირ ან ირიბად შეერთებულ შტატებში (თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 1260H).
2020 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ: „CCCC და მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი არიან კორუფციაში, მტაცებლური დაფინანსებით, გარემოს განადგურებით და სხვა დარღვევებით მთელ მსოფლიოში… ჩინეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს CCCC და სხვა სახელმწიფო საწარმოები, როგორც იარაღი ექსპანსიონისტური დღის წესრიგის დასაწესებლად”.
China Railway 23rd Bureau Group
China Railway 23rd Bureau Group საქართველოში ავტომაგისტრალების მშენებლობაშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ის China Railway Construction Corporation-ის (CRCC) შვილობილი კომპანიაა. China Railway Construction Corporation შედის აშშ-ს ხაზინის NS-CMIC სიაში, რაც მას საინვესტიციო აკრძალვებს უწესებს.
2020 წელს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა CRCC ჩინურ სამხედრო კომპანიად ჩათვალა 1260H აქტის მიხედვით, რაც მიუთითებს მის ასოცირებაზე ჩინეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან.
„ჰუავეი“
კომპანია „ჰუავეი“, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან მრავალჯერადი სანქციების ქვეშ იყო, საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის წევრები ჰუავეის 200 პლანშეტს იყენებდნენ. 2017 წელს „ჰუავეი თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა ლიანგ დონბომ განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე საკომუნიკაციო და მობილური ქსელების 75%-მდე Huawei-ის აშენებულია. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა“, — წერია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ჩინეთთან.
მათი თქმით, „ოცნების“ დამფუძნებელს და მის ბიზნეს პარტნიორს, ივანე ჩხარტიშვილს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადი საქმიანი კავშირები აქვთ კიდევ ერთ პრობლემურ ჩინურ კომპანიასთან CEFC China Energy-სთან:
„CEFC China Energy შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-ს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი ფლობენ კომპანიის 50%-ს, რომელიც მართავს CEFC China Energy-ის 75%-იან წილს.
2017 წელს ნიუ-იორკში CEFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიკ ჰო დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს აფრიკის ქვეყნებში ოფიციალური პირების მოსყიდვაში, რათა ხელი შეუწყოთ ჩინური კომპანიის ინტერესებისთვის. CEFC ასევე დაადანაშაულეს იარაღით ვაჭრობაში და ირანისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში.
იმ დროს, როდესაც CEFC უკვე ჩართული იყო საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც არის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრის (დაარსებული 2016 წელს) აღმასრულებელი დირექტორი, ჩართული იყო CEFC-ის საქართველოში შესვლის შესახებ მოლაპარაკებებში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრმა ერთობლივად დააარსეს საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია და 2016 წლის 18 ოქტომბერს საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიანჯუნ ზანგი“, — წერს TI.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო"-ს ინფორმაციით, ბრუნვის მიხედვით საქართველოში მოქმედი ტოპ 10 ჩინური კომპანიის უმრავლესობა ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა მაგისტრალების, გზებისა და ხიდების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესენია:
- Guizhou Highway Engineering Group Co, საქართველოს ფილიალი
- Sinohydro LLC Corporation, საქართველოს ფილიალი
- China Railway 23rd Bureau Group Ltd, საქართველოს ფილიალი
- China Railway Tunnel Group Co, Ltd, საქართველოს ფილიალი
- Hunan Roads and Bridges Construction Group LLC, საქართველოს ფილიალი
- China Geo-Engineering Corporation, საქართველოს ფილიალი
- Georgia branch of China Road and Bridge Corporation, საქართველოს ფილიალი
- China State Construction Engineering Corporation Ltd, საქართველოს ფილიალი
ასევე, ტოპ 10-ში შემავალი სხვა კომპანიებია:
9. JSC Hualing International Special Economic Zone
10. JSC BasisBank.
გარდა ამისა, TI წერს, რომ საქართველო და ჩინეთი მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ: საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეხვედრები გამართეს ჩინეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. „ოცნების“ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჟოუ ციანმა თქვა: „სამართალდამცავი დეპარტამენტებს შორის ურთიერთგაცვლა ჩინეთ - საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩინეთი მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს პრაგმატული თანამშრომლობა საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიციას შორის თანამშრომლობა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“.
ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების დაახლოებით 70-80% აღჭურვილია ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებით.
მათი თქმით, ამ კამერების უმეტესი ნაწილი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, წარმოებულია სანქცირებული ჩინური კომპანიების მიერ: Hikvision და Dahua Technology.
„თბილისის მერია იყენებს ჩინეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (HikCentral) სათვალთვალო სისტემების მართვისა და მხარდაჭერისთვის. შესყიდვების კუთხით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაზე მეტი დახარჯა ჩინურ სათვალთვალო აღჭურვილობაზე, დანახარჯმა ჯამში დაახლოებით 630,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ოქტომბერში ჩინეთის მთავრობამ საქართველოს საბაჟო შემოწმების სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. აღჭურვილობა ჩინურმა კომპანია Nuctech-მა მიაწოდა. 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა Nuctech (Tongfang NucTech Technology Ltd.) მრეწველობის ბიუროსა და უსაფრთხოების სუბიექტების სიაში დაამატა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოტივით“, — ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, 2024 წლიდან საქართველოში 5G ტექნოლოგია დაინერგა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ წერს, რომ არც ერთი საჯარო ცნობა არ გამოქვეყნებულა ქსელის განვითარებისა და განლაგების პროგრესის შესახებ.
სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა ჩინეთის პროექტებსა და მიღწევებს საქართველოში და განაცხადა: „2024 წელი იყო მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევის წელი ჩინეთის საწარმოებისთვის საქართველოში… ტენდერები მოიგეს ქარის ენერგიის, ფოტოელექტროსადგურების და სხვა ახალი ენერგეტიკული სექტორების სფეროში…“
რაც შეეხება კავშირებს ფინანსურ სფეროში, ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ მემორანდუმის თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის გაფორმდა, ორი ცენტრალური ბანკი შეთანხმდა, ითანამშრომლონ მონეტარული პოლიტიკის საკითხებში და გაცვალონ ინფორმაცია და ექსპერტიზა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, გადახდის სისტემები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
„შეთანხმება ასევე მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმებს და ორ ქვეყანას შორის საბანკო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას. ძირითადი აქცენტი იქნება გადახდის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზაცია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გადახდის სისტემების ურთიერთდაკავშირების გაძლიერებას, რათა მოხდეს უფრო სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციები.
2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სამეთვალყურეო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი დაესწრო Financial Street Forum 2024-ს ჩინეთში. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ჩინურ Alipay-სა და საქართველოს ფინანსურ ბაზარს შორის სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი.
ჩინეთის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული ფინანსური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ვაჭრობის, ინვესტიციების და ფართომასშტაბიანი პროექტების მშენებლობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ფინანსურ რისკებს და გააძლიეროს საერთო ეკონომიკური მდგრადობა“, — ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ანგარიშში.