თბილისი (GBC) – უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ზოგიერთ სპორტსმენს სპორტული წოდება გაუუქმა. ამ სპორტსმენების სია სამინისტროს საიტზე გამოაქვეყნეს, რომელიც 27 თებერვლით არის დათარიღებული.

კერძოდ, „უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის“ და „უკრაინის სპორტის ოსტატის“ წოდებები ჩამოერთვა ფეხბურთელ ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.

ამავე დროს, „უკრაინის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის“ წოდება ჩამოერთვა კიევის „დინამოს“ ყოფილ მცველს და ამჟამად თბილისის მერს კახა კალაძეს, წერს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელიც სახელმწიფო ჯილდოებს უკრაინის 43 მოღალატეს უუქმებს, რომელთა შორის ტიმოშჩუკიცაა. უკრაინულ სანქციებში კახა კალაძეც მოხვდა.

რაც შეეხება მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს, უკრაინის გარდა, ევროკავშირის სანქციებიც შეეხო.