თბილისი (GBC) - მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით სამშაბათს, 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.