თბილისი (GBC) – აშშ–ის სენატმა $118–მილიარდიანი დამატებითი დაფინანსების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი შეათანხმა, საიდანაც ნაწილი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებაზე მიემართება, დანარჩენი კი შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვრის გამაგრებას მოხმარდება. 

კომპრომისული შეთანხმების ტექსტი, რომელმაც შეიძლება წერტილი დაუსვას ოქტომბერში დაწყებულ კამათს, აშშ–ის სენატის საიტზეა ატვირთული.

კანონპროექტის თანახმად, სენატორები $60 მლრდ–ს უკრაინის დასახმარებლად გამოყოფენ, $14 მლრდ–ს – ისრაელისთვის, ხოლო $20 მლრდ–ზე მეტს მექსიკასთან სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახარჯავენ. $5 მლრდ–ს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული პარტნიორების დახმარებას ითვალისწინებს, $2,5 მლრდ კი წითელ ზღვაში მიმდინარე ოპერაციაზე წავა. დაახლოებით ამდენივე გადაეცემა აშშ–ის ცენტრალურ სარდლობას.