თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, უკრაინის და ევროკომისიის ლიდერები, რომლებთანაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ ჰქონდა სატელეფონო საუბრები, „გაოგნებული“ დარჩნენ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმებით. ამის შესახებ Financial Times მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გაზეთის რესპონდენტის თქმით, ევროპელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტრამპი „არ არის მზად პუტინზე მეტი ზეწოლისთვის“, რათა მას სერიოზული ნაბიჯები გადაადგმევინოს სამშვიდობო დარეგულირებისკენ.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში X წერს, რომ მრავალმხრივი სატელეფონო კონფერენციის ყველა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც გაუწიოს უკრაინას ყოველმხრივი დახმარება. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მერცს არ დაუკონკრეტებია, მზად არის თუ არა აშშ–ის ადმინისტრაცია, შეუერთდეს ამ პროცესს.
ტრამპსა და პუტინს შორის 2–საათიანი სატელეფონო საუბარი 19 მაისს საღამოს გაიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა „დაუყოვნებლივ“ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხებზე. ამავე დროს, ტრამპს არაფერი უთქვამს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. პირიქით, მან თქვა, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებით არის დაინტერესებული და ამ ინიციატივას მხარიც დაუჭირა.
ტრამპთან საუბრის კომენტირებისას პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ და მხოლოდ „შესაბამისი შეთანხმებების“ მიღწევის პირობებში დათანხმდება. მან კვლავ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ „კრიზისის პირვანდელი“ მიზეზების განეიტრალება ომის შეჩერების მთავარ პირობად რჩება.
რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი კვლავ დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამ სატელეფონო კონფერენციაში ჩაერთნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ–მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალეკსანდრ სტუბი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ზელენსკის თქმით, ტრამპთან საუბარში განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება იმ შემთხვევისთვის, თუ კრემლი უარს იტყვის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დროს ცეცხლის შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით არც კი უსაუბრიათ.
სააგენტო Bloomberg კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი უკან არ იხევს და დარწმუნებულია რუსეთის არმიის სამხედრო უპირატესობებში. სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის პუტინი უკრაინაში დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მთელ ტერიტორიებზე გეგმავს კონტროლის დამყარებას.