თბილისი (GBC) - გამოცემა Politico წერს, რომ ორგანიზაცია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა არ თვლის, რომ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

Politico-ს ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, ხოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი ტრამპის უნარის მიმართ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

რესპონდენტთა თითქმის 60%-მა განაცხადა, რომ ისინი „არც ისე დარწმუნებული“ ან „საერთოდ არ არიან დარწმუნებული“ იმაში, რომ ტრამპს შეუძლია ევროპის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის თაობაზე „გონივრული გადაწყვეტილების“ მიღება.

ამასთან, ამერიკელთა აზრი თანაბრად გაიყო იმ საკითხზე, აქვს თუ არა აშშ-ს ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

ამ  ეტაპზე კი ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დროშებითა და უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერებით: „პუტინ, წადი სახლში და ჯოჯოხეთში“, „გაათავისუფლე უკრაინა“, „უკრაინა და ალასკა აღარ იქნება რუსეთი“, „გაეთრიე უკრაინიდან“ და სხვა.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი შეთანხმების მიღწევას აპირებს.