თბილისი (GBC) – გერმანიის პოზიციის გამო წარმოქმნილი შეფერხების შემდეგ ევროპის კავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭომ დღეს, 20 ივნისს გაავრცელა. მიღებული ზომები უპირველესად რუსეთის მიერ უკვე არსებული სანქციების თავიდან არიდების აღკვეთა იქნება. 

ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებში პირველად მოექცა რუსეთის მრავალმილიარდიანი გათხევადებული გაზის სექტორი. ევროპელი დიპლომატების თქმით, დაგეგმილია მესამე ქვეყნებში მიმავალი გათხევადებული ბუნებრივი გაზით დატვირთული რუსული ტანკერებისთვის ისეთი პორტების დახურვა, როგორიცაა ბელგიის ზერბრიუგე. ამ გადაწყვეტილების მიზანია რუსეთისთვის სატრანსპორტო სიმძლავრეების შეზღუდვა, რის გამოც აგრესორი ქვეყანა ვეღარ შეძლებს გათხევადებული გაზის დიდი მოცულობით გაყიდვას და ნაკლები ფული ექნება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.