თბილისი (GBC) – იაპონიის ხელისუფლება უკრაინას $470 მლნ–ს გამოუყოფს უანგარო დახმარების სახით, რომელიც ენერგეტიკას და სხვა საჭიროებებს მოხმარდება, კიდევ $30 მლნ–ს კი საბრძოლო აღჭურვილობისთვის გადასცემს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ–მინისტრმა ფუმიო კისიდამ კიევში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, წერს იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo.
„ჩვენ კიევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ისე, როგორც ამის გაკეთება მხოლოდ იაპონიას შეუძლია. იაპონია უკრაინას მხარში ედგება მანამ, ვიდრე უკრაინის ულამაზეს მიწაზე მშვიდობა არ დადგება“, – თქვა ფუმიო კისიდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.
ამასთან, იაპონიის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი G7–ის სამიტზე მიიწვია ონლაინ ჩართვით. Kyodo–ს ცნობით, ზელენსკიმ ეს მიწვევა მიიღო.
იაპონიის პრემიერ–მინისტრი უკრაინაში 21 მარტს ჩავიდა. იგი ბოლოა G7–ის ლიდერებს შორის, რომელიც კიევს ესტუმრა.