თბილისი (GBC) – ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მოდი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთის ლიდერი უკრაინას სტუმრობს. მოდის ვიზიტი უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეს ემთხვევა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ აღინიშნება.

კიევში ვიზიტამდე მოდიმ მოლაპარაკებები პოლონეთში გამართა. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში ინდოეთის ლიდერის ვიზიტი ხანმოკლე იქნება. საუბარია სულ რამდენიმე საათზე, რასაც უსაფრთხოების საკითხს უკავშირებენ.

ჟურნალისტებმა ხუთშაბათს შეიტყვეს, რომ ვიზიტის ფარგლებში არ იგეგმება მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთება, თუმცა გარკვეული შეთანხმებების გაფორმება დაგეგმილია. საუბარია სოფლის მეურნეობასა და თავდაცვის სფეროებზე.

გარდა ამისა, Bloomberg-მა შეიტყო, რომ ინდოეთი დათანხმდა შეტყობინებების გადაცემას რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. თუმცა მოდიმ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის საკითზე მოლაპარაკებებში შუამდგომლობა.