თბილისი (GBC) –  რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა Financial Times–ის (FT) მასალაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ დასავლური ფინანსური სტრუქტურები რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავენ მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს აშშ–ის პრეზიდენტის სავარძელს. პესკოვმა თქვა, რომ კრემლში არ ფიქრობენ, რომ აშშ–ის სასანქციო პოლიტიკაში რამე შეიცვლება. 

„არა, არ ელიან“, – უპასუხა პესკოვმა რუსული მედიის ჟურნალისტს.

FT 6 ნოემბერს წერდა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების ერთ–ერთი შედეგია დასავლელი ტრეიდერების გამოცოცხლება. გაზეთის წყაროს თქმით, ისინი რუსეთთან ვაჭრობაში ცვლილებებს და სანქციების შესაძლო მოხსნას განიხილავდნენ.

აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართა. ამერიკული მედიის დათვლებით, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 295 ხმა მიიღო, დემოკრატმა კამალა ჰარისმა კი 226.