თბილისი (GBC) – გერმანულმა კომპანიამ Mercedes-Benz რუსულ ავტომწარმოებელში Камаз საკუთარი წილი მოიშორა. რუსეთში სატვირთო მანქანების უმსხვილესი მწარმოებლის წილის 15%–ის გაყიდვის შესახებ Mercedes-Benz–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტუტგარტში 15 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, გარიგება თებერვალში შედგა.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახდა წილის მფლობელი და რა ფასად გაიყიდა ეს წილი, არ ვრცელდება. Камаз–ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი კოგოგინმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გერმანული კომპანია რუსული ავტოკონცერნის საქმიანობაში 2022 წლიდან აღარ ჩარეულა. Камаз აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიაა.

Mercedes-Benz–სა და Камаз-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ შეწყდა. ამის შემდეგ შეწყდა სატვირთოების წარმოებაც და მაკომპლექტებლების მიწოდებაც.

თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში მდებარე კომპანია Камаз წლების განმავლობაში აწარმოებს სატვირთო მანქანებს, ავტობუსებს და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკასაც. კომპანიის ძირითადი აქციონერია „როსტეხ“, რომელიც აშშ–ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებშია მოხვედრილი.