თბილისი (GBC) – დსთ–ს სივრცეში რუსეთის როლის შეიძლება „გაქარწყლდეს“, მაგრამ მისი გეოპოლიტიკური ამბიციები არ მცირდება, რაც რეგიონისთვის დამატებით რისკებს ქმნის. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Moody's Investors Service მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკურ დინამიკას ეძღვნება. 

გეოპოლიტიკური რისკები რეგიონში

დსთ ტრადიციულად რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება, მაგრამ „რუსეთის როლი, როგორც მთავარი დიპლომატიური პარტნიორის და დსთ–ში უსაფრთხოების გარანტის, ისე როგორც მთავარი ეკონომიკური კვანძის, ქარწყლდება“ უკრაინასთან კონფლიქტისა და სანქციების გამო. თავისი როლის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, რუსეთი პოლიტიკური ჩარევის ტაქტიკაზე გადავიდეს. „სხვა შემთხვევაში მას თავისი გეოპოლიტიკური ვალდებულებებიდან უკან დახევა მოუწევს, ან რბილი ძალის სტრატეგიაზე გადავა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

Moody's–ში მიაჩნიათ, როს რუსეთ–უკრაინის ომი 2023–24 წლებში გაგრძელდება ესკალაციის მაღალი რისკებით, საერთაშორისო სანქციები კი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება. ამის შედეგად ანალიტიკოსები რუსეთის „მკაცრი ძალის“ ეროზიას პროგნოზირებენ.

საქართველო, მოლდოვა და მთიანი ყარაბაღი

საქართველოსა და მოლდოვასთვის გეოპოლიტიკური გამწვავების რისკები იზრდება, წერს Moody's, მაგრამ საბაზისო სცენარით სააგენტო პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობებს არ განიხილავს. გეოპოლიტიკური რისკები მოლდოვისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და საომარ მოქმედებების ზონასთან ახლოს მდებარეობს, იზრდება. მიმოხილვის ავტორების თქმით, გასათვალისწინებელია მოლდოვის ენერგოუსაფრთხოების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა.

რაც შეეხება საქართველოს, Moody's–ის ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების რისკი საკმაოდ დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რუსეთის ჩარევიდან გამომდინარე.

ყარაბაღის კონფლიქტიდან რუსეთის გაწევის ფონზე დასავლეთი რეგიონში თავისი პოზიციების გამყარებას ცდილობს. გარდა ამისა, Moody's–ის ანალიტიკოსების თქმით, ირანი, რომელსაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს სომხეთთან, შესაძლოა უფრო აქტიურად ჩაერთოს სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში, რადგან თეირანს სურს კავკასიაში თურქეთის მზარდი გავლენების დაბალანსება.