თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა 28 სექტემბერს, Fox News-ზე დაადასტურა, რომ "ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა".

კელოგის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინული ჯარების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება მიზანშეწონილი იქნება.

კიტ კელოგმა ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას განიხილავს. ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა არასდროს უთხოვია და ითხოვეს მხოლოდ „იარაღი, მისი გამოყენების ნებართვა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა უკრაინელ ჯარისკაცებს ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა – კელოგმა უპასუხა, რომ "ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შორი დისტანციის დარტყმის განხორციელება კი სწორედ მის მიერ არის დაშვებული".

„ხანდახან მათ ეს უფლებამოსილება აქვთ, ხან არა. პრეზიდენტის ბრძანებები ყველამ უნდა დაიცვას. თუ პრეზიდენტი მარცხნივ წავა, თქვენც მარცხნივ წახვალთ. თუ ის გეტყვით, რომ მარჯვნივ წადით, თქვენც მარჯვნივ წახვალთ. როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ეს უბრალოდ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა კელოგმა და იქვე დასძინა, რომ მისი ნათქვამის წაკითხვის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის შემდეგ, პასუხი დადებითია.

"გამოიყენეთ შორი დისტანციიდან დარტყმის შესაძლებლობა. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უსაფრთხო ზონები. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ გასულ კვირას ეს დადასტურდა – პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს „ტომაჰავკის“ რაკეტები სთხოვა“, – განაცხადა კიტ კელოგმა და აღნიშნა, რომ რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და წინადადება განხილვის პროცესშია.

გენერლის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.