თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გაუკვირდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნათქვამი იმის შესახებ, რომ "უკრაინა ისეთ პოზიციაშია, შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს", უპასუხა: “ცოტათი. დიახ".

“მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო და მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე მხარდაჭერა. ასე რომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან [ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის [პუტინი] არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკის შეცვლას ძალიან დადებით სიგნალად მიიჩნევს.

მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა თუ ახლა საშინელ მდგომარეობაშია, ეს უკრაინის დამსახურებაა.

"სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი არმიის შეჩერებას, რაც საკმაოდ საოცარია", - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ეს არის ომი, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით გრძელდება, რაც რუსეთისთვის კარგი არ არის. ასევე, ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, ეს ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

ეს კარგი არაა რუსეთისთვის. ეს სწრაფად უნდა დასრულებულიყო და რუსეთი ძალიან გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიწადნახევრიანი ბრძოლის ფონზე. როგორც ჩანს, ეს [ომი] დიდხანს არ დასრულდება”, - განაცხადა ტრამპმა.