თბილისი (GBC) - უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებული გეგმის განსახილველად ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის ჟენევაში, 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სადაც, ვკითხულობთ: "ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო".
„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე.
„ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
მარკო რუბიომ ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავ საჭიროა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის NATO-ს როლზე, მუშაობა. ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, მისმა გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხები შეამცირა.
“ეს არის სამუშაო - ეს არის ცოცხალი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა თანასწორობას ან ევროკავშირის და NATO-ს როლს და ა.შ. და ისინი ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც მათთან მოგვიწევს, რადგან მათ ეხება. ამიტომ, ფოკუსირებული ვიყავით იმ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ორმხრივი ხასიათისა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჭირდება დრო გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ხუთშაბათისთვის მიაღწევენ, თუმცა მიანიშნა, რომ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.
მანამდე, 21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე "ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა".
23 ნოემბერს, კონსულტაციებისთვის ჟენევაში იმყოფებიან ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.