თბილისი (GBC) – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ გაზეთი FT წერს.

ღონისძიებაში სახელწოდებით „მდგრადი მცველი“ სულ მცირე 41 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში ჩართული იქნება 50 ხომალდი. სამხედროები მანევრების დროს 500–დან 700–მდე საბრძოლო ფრენას განახორციელებენ. გამოცემა წერს, რომ წვრთნებში ნამდვილი გეოგრაფიული მონაცემები იქნება გამოყენებული, რათა ჯარებისთვის უფრო რეალისტური სცენარები შექმნან.

წვრთნების მიზანია ალიანსის წევრი ერთ–ერთი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის გამკლავება. NATO–ში ამ მანევრებით აპირებენ რუსეთისთვის იმის დემონსტრირებას, რომ ალიანსი ომისთვის მზადაა.

გაზეთის ინფორმაციის თანახმად, წვრთნები გერმანიის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიებზე 2024 წლის თებერვალსა და მარტში ჩატარდება.ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა სამხედრო მანევრებში შვედეთიც მიიღებს მონაწილეობას.