თბილისი (GBC) – პოლონეთის სპეცსამსახურებმა ჩეხეთის დაზვერვასთან ერთად რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც ევროპის კავშირის წინააღმდეგ მუშაობდა და უკრაინის დისკრედიტაციას ეწეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს.

ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა ვარშავასა და ტიხიში. შედეგად, ძალოვნებმა 48,5 ათასი ევრო, 36 ათასი აშშ დოლარი და ინფორმაციის ციფრული მატარებლები, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს. დაიკითხნენ საქმის ფიგურანტები.

„დოკუმენტურად დაფიქსირდა საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო პრორუსული ინიციატივების ორგანიზებაზე და ევროპის კავშირის ქვეყნებში მედიაკამპანიის წარმოებაზე. ქსელის მიზანი იყო კრემლის საგარეოპოლიტიკური ამოცანების რეალიზაცია“, – განაცხადა სპეცსამსახურების მინისტრის პრეს–სპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი თავისი ჯაშუშების მეშვეობით ცდილობს პოლონეთის პოზიციის დასუსტებას საერთაშორისო არენაზე, უკრაინის დისკრედიტაციას და ევროპის კავშირის სტრუქტურებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ამ მიზნების მისაღწევად შექმნეს საიტი Voice of Europe. პორტალზე ქვეყნდებოდა სტატიები მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, თქვა დობჟინსკიმ და დასძინა, რომ სპეცსამსახურებმა ქსელის დაფინანსების სქემაც გაშიფრეს.