თბილისი (GBC) – ათასობით სანქტ–პეტერბურგელს ელექტროენერგია არ მიეწოდება მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, 4 აპრილს დილით ქალაქის ერთ–ერთი ქვესადგური ააფეთქეს. ქალაქის ძალოვანმა უწყებებმა მომხდარს „დივერსიის“ კვალიფიკაცია მიანიჭეს.

ერთ–ერთმა მოქალაქემ პოლიციაში წუხელ დარეკა და აფეთქების ხმის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ შეწყდა ელენერგიის მიწოდებაც.

Baza-ს ცნობით, საგანგებო სამსახურში ქალმა დარეკა, რომელმაც უწყებას ორი ძლიერი აფეთქების შესახებ აცნობა. კამერებმა დაუდგენელი პირი დააფიქსირა, რომელმაც ეკატერინას პროსპექტზე მდებარე ქვესადგურში შეაღწია.

ინციდენტის ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზიანებული ორი ტრანსფორმატორი დახვდა. ერთი მათგანი აღდგენას აღარ ექვემდებარება. რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ წყარომ დაუდასტურა, რომ ქვესადგურზე აფეთქება მოხდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დივერსიის ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე ლენინგრადის ოლქის რამდენიმე რაიონში ჯამში 12 ათასი აბონენტია დარჩენილი.

ლენინგრადის ოლქის ენერგო ინფრასტრუქტურაზე პირველი დივერსია 2023 წლის მასში განახორციელეს, როდესაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ბოძი ააფეთქეს.