თბილისი (GBC) – ჩინურმა ბანკებმა რუსეთისთვის ელექტრონული მოწყობილობების მაკომპლექტებლების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ნოუთბუკების და სხვა მოწყობილობების შესაძენად გადახდების დაბლოკვა დაიწყეს. ამის შესახებ რუსული მედია ბაზრის მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ერთ–ერთი წყაროს თქმით, საუბარია კომპლექტაციებზე, რომლებშიც შედის პროცესორი, მოწყობილობის კორპუსი, მონიტორი და სხვა დეტალები.

ტრანზაქციებს იმ კომპანიებსაც კი უბლოკავენ, რომლებსაც რუს მომხმარებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.

„კომპონენტების ბაზარზე ჩინეთი მონოპოლისტია. ელექტრონიკის ასაწყობი კომპონენტების თითქმის 100% მათ ხელშია“, – ციტირებს რუსული მედია ერთ–ერთ წყაროს.

რუსებს ტრანზაქციების პრობლემა ჩინეთის, თურქეთის და ყაზახეთის გავლით 2023 წლის ბოლოდან შეექმნათ. ამის მიზეზი კი აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულება გახდა, რაც უცხოური კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში.