თბილისი (GBC) – რუსების მიერ განადგურებული და დაპყრობილი უკრაინული ქალაქის მარიუპოლის აღდგენაში გერმანული კომპანიები მონაწილეობენ. ასეთი დასკვნები გააკეთეს გერმანული საზოგადოებრივ–სამართლებრივი ტელეარხის ARD გადაცემის Monitor გამომძიებელმა ჟურნალისტებმა. გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა.

ჟურნალისტების ცნობით, რუსების მიერ განადგურებული და შემდეგ ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენაში გერმანული კომპანიების მონაწილეობის მტკიცებულებების შეგროვებისას გამოიყენეს სამშენებლო კომპანიების მონაცემები, საქმიანი დოკუმენტაცია, ფოტო და ვიდეომასალები.

გერმანული Knauf მარიუპოლის მშენებლობებზე

ჟურნალისტების მტკიცებით, კერძოდ, მარიუპოლში ბევრ მშენებლობაზე იყენებენ Knauf–ის წარმოებულ ცემენტს. ARD–ის მონაცემებით, Knauf–ს რუსეთში დღემდე ჰყავს 4 000–მდე თანამშრომელი და რუსეთის ბაზარზე მრავალმილიონიანი ბრუნვა აქვს. რედაქციის კითხვაზე საპასუხოდ კომპანიაში განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობენ და რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას იცავენ. პრეს–სამსახურში დასძინეს, რომ Knauf–ის პროდუქცია, რომელიც რუსეთში იწარმოება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. რედაქციის ბევრ კითხვას კომპანიამ პასუხი არ გასცა.

ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი გმობს გერმანული კომპანიების მონაწილეობას დაპყრობილ ქალაქში წამოწყებულ პროექტებში და მიიჩნევს, რომ მათი მომსახურება ეხმარება ომს, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს: „Knauf–ის შემთხვევაში თვალსაჩინოა, რომ კომპანია ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის მარიუპოლში რუსეთის ხელისუფლებას აბეტონებენ“.

WKB Systems–ის ბეტონის ბლოკები

გარდა ამისა, მარიუპოლში მშენებლობებზე გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაზე ARD–ის ჟურნალისტებმა მწვანე მასალაში შეფუთული ბეტონის ბლოკებიც შენიშნეს, რომლებსაც გერმანული WKB Systems გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მიუსტერლანდის რეგიონში აწარმოებს. ეს კომპანია ბეტონის ბლოკების მწარმოებელ ქარხნებსაც ამარაგებს აღჭურვილობით.

კომპანიის ძირითადი აქციონერი რუსი ბიზნესმენი ვიკტორ ბუდარინია. „Monitor–ის მიერ მოპოვებული საბაჟო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ WKB Systems GmbH ბუდარინის ერთ–ერთ საწარმოს წლების განმავლობაში აწვდიდა აღჭურვილობას ასეთი ბლოკების წარმოების გასამართად – როგორც ჩანს, სწორედ ამ კომპანიის პროდუქციას იყენებს რუსეთი მარიუპოლში თავისი ძალაუფლების გასამყარებლად“, – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბუდარინისთვის ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია. WKB Systems–ში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.