თბილისი (GBC) – ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ევროპის სამშვიდობო კონტინენტის განთავსება რუსეთის თანხმობას არ საჭიროებს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ მოკავშირეები ყურადღებას არ მიაქცევენ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აზრს. „უკრაინა სუვერენული ქვეყანაა და თუ მოითხოვს მოკავშირეების ჯარების განთავსებას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, დავთანხმდებით თუ არა მას“, – აღნიშნა მაკრონმა Le Parisien–თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სამშვიდობოების განლაგება მოლაპარაკებების ერთ–ერთი პუნქტი იქნება, ვინაიდან „აშკარაა, რომ უკრაინელები არავითარ შემთხვევაში არ წავლენ ტერიტორიულ დათმობებზე და არ დაუშვებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდეთ“.

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თითქმის დაასრულეს უკრაინის დაცვის გეგმის შემუშავება. ამ გეგმის თანახმად, სამშვიდობოები შეიძლება გაიგზავნონ კიევში, ოდესაში და ლვოვში. საუბარია „ევროპის თითოეული ქვეყნიდან რამდენიმე ათას ადამიანზე“. მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის შეიარაღებული ძალების განთავსებაზე პუტინის უარს „სტრატეგიულ ეგზისტენციალურ აშკარა საფრთხედ“ აფასებენ.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ 15 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ სამშვიდობო კონტინგენტის საერთო რაოდენობა 10 ათას სამხედროზე მეტი იქნება. ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა გაზეთ Times–ს აცნობეს, რომ ინიციატივამ 25 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა ძირითადად სამშვიდობო კონტინგენტი ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედროებით დაკომპლექტდება.

უკრაინაში ევროპული სამშვიდობოების განთავსების კატეგორიული წინააღმდეგია კრემლი. რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა და პუტინის პრეს–სპიკერმა პესკოვმა განაცხადეს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მათთვის მიუღებელია.