თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის Abrams–ის ტანკების გადაცემის შესახებ განცხადებას ოთხშაბათს, 25 იანვარს გააკეთებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters–ს ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა უთხრეს.
„მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადეს, რომ განცხადება ოთხშაბათს შეიძლება გაკეთდეს“, – წერს სააგენტო.
ერთ–ერთი წყაროს თქმით, Abrams–ების შესყიდვა შეიძლება უკრაინის უსაფრთხოების ძალისხმევის ინიციატივის ფონდიდან (USAI) მოხდეს, რომელიც თეთრ სახლს აძლევს შესაძლებლობას, შეიარაღება სამრეწველო სექტორიდან გამოყოს, და არა არსებული მარაგებიდან.
სააგენტოს ცნობით, უკრაინისთვის ამ ტანკების გადაცემის პროცესს თვეები, ან სულაც წლები შეიძლება დასჭირდეს.
მანამდე გამოცემა Politico წერდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 30 ერთეული M1 Abrams–ის გადაცემას გეგმავს. უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე ვაშინგტონის თანხმობა იმ პირობით გაჟღერდა, რომ გერმანიაც გასცემდა ნებართვას კიევისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემაზე. Spiegel–ის ინფორმაციით, უკრაინისთვის 10 პირველი ასეთი ტანკების გადაცემის შესახებ ბერლინში ასევე 25 იანვარს გააკეთებენ განცხადებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი შეტევის ახალ ტალღას ამზადებს იმ ძალებით, რომლის მობილიზებაც შეძლო, რათა გადაფაროს საკუთარი მარცხი. ამიტომ პრეზიდენტი აუცილებლობად მიიჩნევს თავისუფალ სამყაროსთან თანამშრომლობის გააქტიურებას, რითაც წინ აღუდგება კრემლის დანაშაულებრივ ქმედებებს.