თბილისი (GBC) – რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა, უკრაინის ჯარი რეიდს ატარებს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზი და ცხინვალელი მოხალისეები გადაისროლეს. 

„უმაღლესმა მთავარსარდალმა (პუტინი – რედ.) მოგვიწოდა, მხარი დავუჭიროთ კურსკის ოლქს. მოვედით დასახმარებლად“, – ნათქვამია „დონბასის ველური დივიზიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც აფხაზი მებრძოლი ახრა ავიძბა მეთაურობს.

„დონბასის ველური დივიზიის“ შემადგენლობაში არსებული ბატალიონი „სამრატი“ საბრძოლო შეტაკების ხაზზე გავიდა კურსკის ოლქში, მოწინააღმდეგის სამხედრო ფორმირებების გასანადგურებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ოსური ბატალიონის ტელეგრამ–არხზე.

ამ პროცესთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ამასობაში კურსკის ოლქში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის არმია 6 აგვისტოს შევიდა რუსეთში, სუჯის რაიონულ ცენტრში. 9 აგვისტოს ღამით უკრაინელებმა რუსეთის მსხვილი სამხედრო კოლონა გაანადგურეს რილსკის მიმდებარედ.

9 აგვისტოს დილით გადაღებულ ვიდეო კადრებში სულ მცირე 14 განადგურებული სამხედრო სატვირთო მანქანა ჩანს, რომელთა ძარებზეც დახოცილი რუსი ჯარისკაცების ცხედრებია.

რუსი სამხედრო კორესპონდენტების თქმით, ამჟამად ბრძოლები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან 30 კმ–ის მანძილზე მიმდინარეობს. უკრაინელებს რუსეთის კურსკის ოლქში 9 დასახლებული პუნქტი აქვთ დაკავებული. დევნილ რუს ადგილობრივებს პრეზიდენტი პუტინი 10 000 რუბლს (305 ლარი) დაჰპირდა.