თბილისი (GBC) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ხელმძღვანელი ვოლფგანგ იშინგერის წინადადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შექმნას გულისხმობს.

იშინგერი ამ ჯგუფში აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩართვას გულისხმობს. ამ წინადადებას ლავროვის უწყება არ დაეთანხმა და ამ ქვეყნებს „უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტის მონაწილეები“ უწოდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ინიციატივის შესახებ პრესიდან გაიგეს და ის „კანონზომიერ კითხვებს ბადებს“, რადგან ყველა ზემოხსენებული ქვეყანა უკრაინას შეიარაღებას აწვდის და რუსეთს უკანონოდ დაუწესეს სანქციები.

უწყებაში დარეგულირების ერთადერთ გზად საომარი მოქმედებებისა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას ასახელებენ.