თბილისი (GBC) – კურსკის ოლქში უკრაინელების იერიშის მოსაგერიებლად რუსეთმა უკრაინის ფრონტებიდან რამდენიმე ბრიგადა გადაისროლა, თითოეული დაახლოებით 1000 ჯარისკაცის შემადგენლობით. თუმცა, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან სერიოზული ძალები არ მოუხსნია. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN დაზვერვის მონაცემებსა და სხვა წყაროების მიერ უკვე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

„როგორც ცნობილია, რუსეთს უკრაინაში ასობით ათასი სამხედრო ჰყავს. ამიტომ, როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გადასროლას, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერიოდში სერიოზული შედეგები არ ექნება“, – წერს CNN.

„ჩვენ ჯერ არ გვინახავს ძალების სერიოზული გადასროლის ფაქტი და არ ვიცით რატომ: ჯარების გადაადგილება სულ ახლახან დაიწყეს, თუ გადასასროლი აღარაფერი აქვთ“, – ციტირებს ტელეარხი თავის ერთ–ერთ ანონიმურ წყაროს.

სხვა ანონიმურმა რესპონდენტმა, რომელიც მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირია, CNN-ს უთხრა, რომ ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში განლაგებული ნაწილების გარდა, კურსკის ოლქში ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან და კალინინგრადიდანაც გადაისროლა.

CNN-ის ავტორები, სხვა მიმომხილველებთან ერთად აღნიშნავენ, რომ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსისა და მაღალჩინოსნების აზრით, უკრაინას კურსკის ოლქში პოზიციების დიდი ხნით შენარჩუნება გაუჭირდება და ამ მომენტში ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა გავლენა ექნება ამ კონკრეტულ ოპერაციას ომის საერთო მსვლელობაზე.