თბილისი (GBC) - რუსეთმა სამშვიდობო მემორანდუმის უკრაინული ვერსია განსახილველად მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განუცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა.
„რუსეთის დელეგაციამ ადრე მიიღო უკრაინისგან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მემორანდუმის თავისი ვარიანტი. ჩვენ გავუმკლავდით. ჩვენს დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან განსხვავებული ენები. სხვათა შორის, ორი მათგანი თავისუფლად ფლობს იაპონურს“, – აღნიშნა მედისნკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ თურქეთში უკვე ჩავიდნენ. მოლაპარაკებები კი დღეს, სტამბოლში გაიმართება.
უკრაინულ დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, ხოლო რუსეთის დელეგაციას კვლავ ვლადიმირ მედინსკი.
სტამბოლში მყოფი რუსული მხარე აცხადებს, რომ მათ "სამუშაო განწყობა აქვთ".
თურქული მედია წერს, რომ მხარეებს შორის შეხვედრა სტამბოლში, სასტუმრო „ჩირაგან პალასში“ ადგილობრივი დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.
რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. შედეგად მხარეები სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გაცვლად ითვლება.
მეორე რაუნდზე ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს.