თბილისი (GBC) – გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთ–უკრაინის ომის დასასრული არ ჩანს. „რუსეთი თითქმის ორი წელია აწარმოებს ამ მიუღებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ... და ამის ბოლო არ ჩანს“, – თქვა კანცლერმა.

შოლცის აზრით, ევროპამ კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. მანვე აღნიშნა, რომ დახმარება გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

Deutsche Welle–ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „მტკიცედ მოითხოვს, აშშ–მა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დიდი წვლილი შეიტანოს, რათა რუსეთის პრეზიდენტის გათვლები არ გამართლდეს, რომ თითქოს პრობლემა თავისით მოგვარდება“.

გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმირ პუტინს იმედი აქვს, რომ რაღაც მომენტში დასავლელი მოკავშირეები კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ: „და ეს გზავნილი, რომელიც მკაფიოდ უნდა გაეგზავნოს მას აშშ–დან და ევროპიდან: ეს გათვლა არ იმუშავებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“.