თბილისი (GBC) – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა კიევის თხოვნით მოიწვია. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება და ფრონტზე არსებულ სიტუაციასა და უკრაინის საჭიროებებს შეეხება, თქვა ალიანსის წარმომადგენელმა ფარაჰ დაჰლალამ სამშაბათს, 27 აგვისტოს.

ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ალიანსის წევრებს ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვი ვიდეოჩართვის ფორმატში გააცნობს. „უკრაინის თავდაცვის მინისტრი მოკავშირეებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და შეიარაღების პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას“, – თქვა დაჰლალამ. კონსულტაცია ელჩების დონეზე გაიმართება. NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზად ბოლო დღეებში რუსეთის არმიის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მოსახლეობაზე გახშირებული სარაკეტო იერიშები სახელდება.

NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომას რამდენიმე დღის განმავლობაში წინ უძღოდა მსჯელობა, უკრაინისთვის შორი მანძილის შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. დაჰლალამ აღნიშნა, რომ NATO–ს წევრმა მოკავშირეებმა კურაინას უკვე საკმაოდ მასშტაბური დახმარება გაუწიეს საჰაერო თავდაცვის მიმართულებით და კვლავაც გააგრძელებენ ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას.

 

NATO-უკრაინის საბჭო პირველად ლიეტუვაში 2023 წლის სამიტის ფარგლებში ჩატარდა. საბჭო კრიტიკულ სიტუაციებში კონსულტაციების მიზნით შეიქმნა. საბჭოს დანიშნულებაა ასევე ალიანსსა და კიევს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იმ პირობების შესასრულებლად, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის საბოლოო ინტეგრაციისთვის თავდაცვით ალიანსში.