თბილისი (GBC) - აბუ-დაბიში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველსავე დღეს, ევროპულმა მხარემ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას კონტინენტის უსაფრთხოების საერთო სისტემის გადახედვის თაობაზე, რათა შემცირდეს დაძაბულობა რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფისა და ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ იდენტურ განცხადებებში აღნიშნულია, რომ უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები ამერიკულ მხარეს დაეთანხმნენ იმ საკითხში, რომ „არსებითია ომის შემდგომი უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარება“ და რეგიონში „კონფლიქტის რისკების შემცირება“.

„საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთგამაძლიერებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც განამტკიცებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის ნდობას მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის. ხანგრძლივ მშვიდობაზე ცენტრალურ აქცენტთან ერთად, დისკუსია შეეხო იმას, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტები და შეთანხმებები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებებში.

აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების პირდაპირ შეხვედრამდე ჩატარდა მოსამზადებელი კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლები, უკრაინა და აშშ-ის გუნდი. წყაროების ცნობით, პირველი რაუნდი შინაარსიანი და პოზიტიურ განწყობაზე დაფუძნებული აღმოჩნდა.

ეს არის ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლები აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად სამმხრივ ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს. ამერიკულ მხარეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობენ, რომლებიც აქტიურად ლობირებენ დისკუსიის მასშტაბის გაფართოებას, რათა მასში ევროპის მომავალი უსაფრთხოების საკითხებიც შევიდეს.

მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია ევროპული მთავრობებისთვის. ევროპაში არსებობს შიში, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერის მკვეთრ შემცირებას გეგმავდეს.

აშშ-ის მხრიდან განხორციელებული წნეხის შედეგად, NATO-ს მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ ახალ მიზანზე, 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ. ამასთან, ვაშინგტონი ევროპაში ამერიკული ჯარების კონტინგენტის შემცირებასაც აანონსებს.

რუსეთი თავის მხრივ მოითხოვს ევროპაში NATO-ს აქტივობების შეზღუდვას და უარს ამბობს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მთავარი კითხვა, რაც ამ ეტაპზე რჩება, თანმიმდევრობას ეხება: გახდება თუ არა ფართო ევროპული უსაფრთხოების გარიგება უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუ ის მოგვიანებით განიხილება?

რუსეთთან სამმხრივ შეხვედრამდე, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და NATO-ს მაღალჩინოსნებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ძლიერი NATO კვლავ დარჩება ევროატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ ელემენტად“.