თბილისი (GBC) – აშშ–უკრაინას შორის შემდგარ გარიგებას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ხელი 28 თებერვალს მოეწერება. ტრამპმა ეს გარიგება $1 ტრილიონად შეაფასა.
„გავიგე, ის (პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. რედ.) პარასკევს (28 თებერვალი) ჩამოდის... თუ მოისურვებს მის (შეთანხმება წიაღისეულზე.) ხელმოწერას ჩემთან ერთად – კი ბატონო“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
მანვე აღნიშნა, რომ საუბარია „ძალიან დიდ გარიგებაზე“, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მიწაიშვიათ ლითონებს, არამედ უკრაინის სხვა რესურსებსაც. ტრამპის თქმით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელი „თავის ფულს უკან დაიბრუნებს“ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა კიევს $350–მილიარდიანი დახმარება გაუგზავნა. ამასთან, თეთრი სახლის მეთაურმა უკრაინის „ფეხზე დაყენების“ და მისთვის შემდგომი „ბრძოლის შესაძლებლობის“ მიცემის სურვილი გამოთქვა.
გუშინ საღამოს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა გაზეთ Financial Times–ს (FT) უთხრეს, რომ ვაშინგტონი და კიევი უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულების საბოლოო ვერსია, რომელიც 24 თებერვლით არის დათარიღებული და რომელსაც FT გაეცნო, სპეციალური ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ამ ფონდში მიემართება მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობის და გაზის და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკის მონეტიზაციიდან მიღებული შემოსავლის 50%. ამასთან, შეთანხმება არ გავრცელდება სასარგებლო წიაღისეულებზე, რომლებითაც უკვე ისედაც ივსება უკრაინის ხაზინა. შედეგად, ეს შეთანხმება არ აისახება „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ მიმდინარე საქმიანობაზე, წერს FT.
გარდა ამისა, შეთანხმებიდან ამოღებულია უკრაინის აღორძინების $500–მილიარდიანი ფონდის შექმნის საკითხი. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ვაშინგტონის მიერ კიევისთვის რაიმე სახის გარანტიის მიცემაზე უსაფრთხოების მიმართულებით, რასაც დაჟინებით მოითხოვდა პრეზიდენტი ზელენსკი.
CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე „პრობლემური ტექნიკური საკითხების“ გადადება ამჯობინა, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის, ვინაიდან ამერიკული მხარე „ძალიან ეწინააღმდეგება“ ამ პუნქტის დაფიქსირებას დოკუმენტში. კიევში იმედი აქვთ, რომ ეს თემა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე წამოიწევა. „ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზადაა“, – უთხრა უკრაინულმა წყარომ CNN-ს.